არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტმა“ უკრაინაში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით აკრედიტაცია მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, „ღია დემოკრატიის კომიტეტსთვის“ ბოლო 2 წლის მანძილზე არჩევნებზე დაკვირვების განხორციელების მიზნით უკვე მეოთხე აკრედიტაციაა.
„ჩვენი ორგანიზაცია 2010 წელს დაფუძნდა, ასე რომ ჩვენ ახალგაზრდა ორგანიზაცია ვართ, თუმცა გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, თავს არიდებს პარტიულ პოლიტიკას და აძლევს აკრედიტაციას ჩვენი ორგანიზაციის მსგავს დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს“ - აცხადებს „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან მეფორდი.
მისივე თქმით, „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ 2010 წელს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, ხოლო უკრაინაში აკრედიტაცია უკვე მესამედ მიიღო.
„საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ ხანგრძლივ სადამკვირვებლო მისიას, რომელიც აპრილიდან დაიწყო, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებამდე მოცდა მოგვიწია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასე სწრაფად მოგვანიჭა აკრედიტაცია, რითიც დაამტკიცა მისი მზაობა დემოკრატიული ღირებულებებისადმი, ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, გვწამდეს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც ასევე პროფესიონალური და დემოკრატიული იქნება“- აღნიშნა მეფორდმა.

















