პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის ხელმძღვანელს
ნიკოლაი ვულჩანოვს და მთავარ პოლიტ-ანალიტიკოს ინგრიდ გოესინგერს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე და საერთაშორისო მდივანი ირინა ფრუიძე ესწრებოდნენ.
„მემარჯვენეები“ მისიის წარმომადგენლებს 1 ოქტომბრის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ესაუბრნენ.
„ვინაიდან მისიის ფუნქციაა დაადგინოს შეესაბამება თუ არა წინასაარჩევნო გარემო და მთლიანად არჩევნები კანონმდებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, შევეცადეთ სწორედ ის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომელიც მათ ასეთი შეფასებების გაკეთების საშუალებას მისცემს“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო კანონმდებლობის შესრულება, მედიის მუშაობა და პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციები.

















