„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, რომელიც 1-26 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, მონიტორინგის პერიოდში სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა-მუქარის 10 ფაქტი დაფიქსირდა.
მათი განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების-ძალადობის - 15, მათ შორის, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის 7 შემთხვევა გამოვლინდა.
დაფიქსირდა ასევე, პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის - 8, მათ შორის საჯარო მოხელეების მონაწილეობით პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის 5 შემთხვევა.
„მონიტორინგის შედეგად, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის - 10, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის - 3, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის-ხელის შეშლის - 4, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 31 შემთხვევა გამოვლინდა“ - განაცხადეს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 1-26 აგვისტოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 182, ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართულმა ოცნებამ“ - 376, პარტია „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 31, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 34, პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ - 5, პარტიამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ - 4 საჯარო შეხვედრა გამართა.
„სამართლიანი არჩევნები“ ანგარიშში დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ უწყებათაშორის კომისიას, მის შემადგენლობაში მყოფი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ცესკო-ს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციებით მიმართავს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და მომდევნო ანგარიშს სექტემბრის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს.

















