საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩრდილოკავკასიასთან ურთიერთობის შესაძლო დაძაბვას არ პროგნოზირებს.
როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ჩრდილოკავკასიასთან გახსნილი და გამჭვირვალე პოლიტიკა აქვს და ხელისუფლება კავკასიელ ხალხთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.
„მაქსიმალურად ვცდილობთ ჩრდილოკავკასიელ ხალხს საქართველოში შემოსვლისა და ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდეს. შესაბამისად, არ მგონია, რაიმე პოლიტიკურ დაძაბულობას ჰქონდეს ადგილი. მას შემდეგ, რაც ჩრდილოკავკასიასთან სავიზო ურთიერთობა გავამარტივეთ, ჩვენი ურთიერთობების მაქსიმალურად პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა“ - განაცხადა კალანდაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან სპეცოპერაცია ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში გადმოსული იყო შეიარაღებული ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივი მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ოპერაციის შედეგად ჯგუფის 11 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. შსს აცხადებდა, რომ არცერთი მათგანი არ იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა, ამ უწყებამ დღეს განაცხადა, რომ მოკლულთაგან 5 რუსეთის მოქალაქეა ჩრდილო კავკასიიდან, 2 კი, საქართველოს მოქალაქე. შსს დანარჩენი ლიკვიდირებულების იდენტიფიკაციაზე მუშაობს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი სოფელ დიუსში წუხელ ჩაასვენეს და წუხელვე დაკრძალეს.

















