ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მიერ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღებამ კანონის არაპროპორციული და შერჩევითი გამოყენების შესახებ წარმოდგენა გაამყარა.
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტიების მიერ ფინანსების შესახებ სწორი ანგარიშგების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა.
„მიუხედავად ამისა, სამსახურის მიერ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის პირადი ანგარიშების დაყადაღებამ - იმ მოტივით, რომ მათ ვერ დაადასტურეს საკუთარი ანგარიშებიდან გამოტანილი მილიონობით დოლარის კამპანიის საქმიანობისთვის არმოხმარება, კანონის არაპროპორციული და შერჩევითი გამოყენების შესახებ წარმოდგენა გაამყარა“ - ნათქვამია ანგარიშში.
სადამკვირვებლოს მისია მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებები დამსჯელი და „არაპროპორციული“ ხასიათისაა.
„აღნიშნული ქმედების სამართლებრივ საფუძვლად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 26 პრიმა მუხლი გამოიყენება. ანგარიშების დაყადაღების შემთხვევის და კამპანიის არალეგალური დაფინანსების გამოსავლენად გამოყენებული მეთოდოლოგიის განხილვისას, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონი გაცხადებული საარჩევნო ან პოლიტიკური მიზნების მქონე პირებს „ფინანსური გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტებს“ უწესებს“ - აღნიშნულია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისია ასევე, აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ანგარიშების შემთხვევაში, აუდიტის სამსახურმა საკუთარი დასკვნა დაამყარა არა იმაზე თუ როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები, არამედ „გონივრულ ეჭვზე“ და ამ პირების გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებად იდენტიფიცირებაზე.
„როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ მტკიცების ტვირთი ბრალდებულს ეკისრება.
აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო ართულებს კამპანიის ფინანსების კანონისადმი „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, რაც განმეორებით განცხადებებში აისახება, რომ კოალიციის ლიდერები უარს აცხადებენ, მათი შეფასებით „უკანონო“ ჯარიმები გადაიხადონ“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში წარმოდგენილია NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებები. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და 120–ზე მეტი შეხვედრა გამართეს მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღის მიმდინარეობას NDI დაახლოებით 20 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.

















