საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ უწყებათაშორის კომისიას მიმართავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა
მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, დღეს და ხვალ „ქართული ოცნების“ შემომწირველთა ქონებაზე აუქციონი გაიმართება.
მისი თქმით, ცხრა პირის ქონება, რომელიც აუქციონზე გადის, ბევრად აღემატება მათზე დაკისრებული ჯარიმის თანხას.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ასევე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, პოლიტიკური ნიშნით იმოქმედეს და უსამართლო ჯარიმები დააკისრეს „ქართული ოცნების“ შემომწირველებს.
ფანჯიკიძის განმარტებით, „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდათ და თავისუფლად შეეძლოთ შემოწირულობის განხორციელება.
„მაგალითად ნოდარ ჯავახიშვილის ხელფასი იყო 10 ათასი ლარი. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მათ კომპერნსაციის სახით 20 ათასი ლარი გადაუხადეს, საიდანაც 17 ათასი ლარი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხა. გადარიცხული თანხა მაინც დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. აშკაარა, რომ ხდება „ქართული ოცნების“ შემომწირველის დასჯა სახელმწიფოს მხრიდან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ცხრავე პირი დღესაც მაღალ ანაზღაურებად სამსახურში მუშაობს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეეძლო ხელფასიდან გამოექვითა მათი ჯარიმის თანხა, თუმცა, შემომწირველთა უძრავი და მოძრავი ქონება აღსრულების ბიურომ აუქციონზე გაიტანა.
„მაგალითად, გოჩა ჩიკვილაძის ჯარიმა 29 ათას ლარს შეადგენს, ხოლო მისი აუქციონზე გატანილი ქონება 400 ათასს აჭარბებს. ხელისუფლება აუქციონზე კი არ ყიდის ამ ქონებას, არამედ სხვადასხვა მაქინაციებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიაქცევს მათ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტკური ნიშნით დევნის მაგალითს.
„ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ მიმართავს უწყებათაშორის კომისიას სასწრაფო ზომები მიიღოს და აუქციონი შეწყდეს.

















