ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მთავრობა ვალდებულია
სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და ისინი მიუკერძოებლად აღასრულოს. ოპოზიცია კი, ვალდებულია კანონს დაემორჩილოს.
მისიის შუალდური ანგარიშის თანახმად, საქართველოში ორ უდიდეს საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზაცია იმ რიტორიკის შედეგად იზრდება, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს - ერთის მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისთვის და, მეორეს მხრივ, დემოკრატიულობისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ წარმოაჩენენ.
„ეს რიტორიკა ამძაფრებს საარჩევნო გარემოს მიმართ უნდობლობას და განპირობებულია როგორც მმართველი პარტიის, ისე „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რაც, თავის მხრივ, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს“ - ნათქვამია ანგარიშში.
მისია მიიჩნევს, რომ მონაწილე მხარეების ქმედებების მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით, ორივე მხარე დროდადრო ცდილობს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
ანგარიშში წარმოდგენილია NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებები. მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და 120–ზე მეტი შეხვედრა გამართეს მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. არჩევნების დღის მიმდინარეობას NDI დაახლოებით 20 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.

















