უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის 1 ოქტომბრამდე მიცემის შესაძლებლობის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა.
საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ემიგრაციაში მყოფი თანამოქალაქეები, რომლებიც ამომრჩევლთა 25%-ს შეადგენენ, ვერ მოახერხებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იმის გამო, რომ 1 ოქტომბერი ორშაბათია და სამუშაო დღეა. ის მოითხოვს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველს ხმის 1 ოქტომბრამდე მიცემის შესაძლებლობა მიეცეს.
„ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაო საათები სხვადასხვაა“ - აღნიშნა აზარაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა ყველა ადამიანს, რომელიც კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიცავს, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს და არავის საარჩევნო უფლებას არ ზღუდავს.
როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები 12 სექტემბრიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას.
„საზღვარგარეთ მცხოვრებმა ამომრჩევლებმა გარკვეული პროცედურები უნდა გაიარონ - დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ან თუ არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, მათ ექნებათ კანონით დადგენილი ვადა, იმისთვის, რომ უბნებზე რეგისტრაცია გაიარონ“ - აღნიშნა აზარაშვილმა.

















