პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი იმერლიშვილი დღეს გურჯაანში მრავალბინიანი კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გურჯაანში 80–მდე ასეთი მრავალბინიანი კორპუსია, რომელთა დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია როგორც ტექნიკურად, ისე ესთეტიკურად.
„აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა გამგეობას და საკრებულოს, თუმცა ამ ადამიანთა პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ზომები არავის მიუღია“ – განაცხადა გიორგი იმერლიშვილმა.
მისი თქმით, ამ სახლების მხოლოდ სახურავების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, ისიც უხარისხოდ და ზამთარმა და სტიქიურმა მოვლენებმა ადვილად გამოიყვანა მწყობრიდან.
მოსახლეობას შეხვდა, დღეს „ახალი მემარჯვენების“ ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ქიძინიძეც .
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „მემარჯვენეების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ პრობლემებსაც გაეცნო.
„ჩვენ გვინდა ისევ მომრავლდეს შეძლებული ოჯახები, დასაქმდნენ ადამიანები. ამისთვის აუცილებელია სოფლებში საწარმოები გაიხსნას.
ჩვენი ინიციატივა „თითო საწარმო თითო სოფელს“ მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშვრობას, დაასაქმებს ადამიანებს სოფლად და გაჩნდება შეძლებული ოჯახები,“ – განაცხადა თემურ ქიძინიძემ.

















