პარტია „თავისუფალი საქართველო“, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მხარს კიდევ 7 ოლქში დაუჭერს.
ამის შესახებ განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
რამდენიმე დღის წინ პარტიამ თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატის ზაზა პაპუაშვილის მიმართ გამოაცხადა.
როგორც კუკავამ აღნიშნა, „თავისუფალი საქართველო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი ოპოზიციური პარტიების ერთიანობის მნიშვნელობას აცნობიერებს და „ქართული ოცნების“ მიმართ ნაბიჯს კვლავ ცალმხრივად დგამს.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, პარტია არ აყენებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. კერძოდ, ახმეტაში პარტია მხარს დაუჭერს ზურაბ ზვიადაურს, გარდაბანში - მამუკა არეშიძეს, ადიგენში - ბიძინა გუჯაბიძეს, მესტიაში - ვიქტორ ჯაფარიძეს, წალენჯიხაში - გიორგი ნაჭყებიას, ჩხოროწყუში კი - ლევან იზორიას.
კუკავას თქმით, „თავისუფალმა საქართველომ“ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია ქუთაისის საარჩევნო ოლქში მხარს დაუჭერს ასევე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძეს, რომელიც კუკავას თქმით, „თავისუფალი საქართველოს“ იდეურ თანამოაზრეს და ეროვნულ ფასეულობებთან მდგომ პოლიტიკოსს წარმოადგენს.
ამასთან, „თავისუფალი საქართველო“ იმედოვნებს, რომ პარტიის მხრიდან ცალმხრივად გადადგმულ ნაბიჯებს შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება და 73 საარჩევნო ოლქში „ქართულ ოცნებასთან“ ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება მოხდება.

















