ცენტრალური სარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებს პარტიული სიების დროულად წარდგენისკენ მოუწოდებს.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, დღეს 18:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება.
განცხადების თანახმად, კომისია ასევე კანდიდატებს, რომელთა თანამდებობებიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, მოუწოდებს რეგისტრაციაზე განაცხადების წარდგენიდან ორი დღის ვადაში გადადგნენ ან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
„პარტიული სიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 6 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კი, კომისია პარტიულ სიებს და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ კანდიდატთა მონაცემებს გამოაქვეყნებს“ - აცხადებენ ცესკო-ში.
ამ დროის მონაცემებით, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს. აქედან 10-მა პოლიტიკურმა სუბიქტმა ცესკო-ში პარტიული სია უკვე წარადგინა.

















