კოალიცია „ქართული ოცნება“ თეთრიწყაროს რაიონულ ოფისზე თავდასხმას პროვოკაციად აფასებს.
პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს რაიონულ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე დავით ხაჩატურიანი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია აღიძრა თუ არა ამ პიროვნების მიმართ სისხლის სამართლის საქმე.
ამასთან, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მათი მოთხოვნის მიუხედავად შტაბში ზარალის დასათვლელად და დასაკითხად ჯერ არავინ მისულა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს რაიონულ ოფისზე თავდასხმა გუშინ მოხდა. კოალიციის ინფორმაციით თავდასხმაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ხაჩატურიანი მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

















