თბილისის მერია პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი უძველესი გალავნის აღდგენაზე მუშაობს. მიმდინარე სამუშაოებს და ახალ სატრანსპორტო სქემას თბილისის მერი გიგი უგულავა გაეცნო.
სატრანსპორტო სქემის მიხედვით პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასევე ცალმხრივად რუსთაველის გამზირიდან ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით. მოძრაობა აღდგა აგრეთვე სოლოლაკში, ასათიანის ქუჩიდან მეიდნის მიმართულებით.
პროექტის თანახმად, უძველესი გალავნის აღდგენის შემდეგ შენარჩუნდება ტურისტული ღია სივრცე, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და შენობებთან დაკავშირება ხიდებით იქნება შესაძლებელი. ქვედა დონეზე კი ტურისტებისთვის ინტეგრირებული სივრცე კეთდება.
ისტორიული გალავნის პარალელურად რეკონსტრუქცია პუშკინის ქუჩაზე მდებარე 12 ნაგებობას უტარდება. ასევე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
სამშენებლო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

















