კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა.
როგორც ივანიშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების ქმედებები ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას „უაზრო“ იყო, რაც მათი ხელწერაა.
„ამ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვებია. მე გუშინაც ვთქვი ჟურნალისტებთან - სად გინახავთ ტერორისტი, რომელმაც მძევლები აიყვანა და არაფერს ითხოვს“-აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ გაავრცელა ვერსია, რომ დივერსანტები უკან გასვლას ითხოვდნენ.
კოალიციის ლიდერის თქმით, შეიძლებოდა სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულებულიყო.
„თუ გახსოვთ, პანკისის ხეობაში იყო ურთულესი სიტუაცია. ირაკლი ალასანიამ უხელმძღვანელა ამ ოპერაციას და აბსოლუტურად უსისხლოდ, ასობით და ათასობით კაცი გაიყვანა ხეობიდან. ეს შეუძლებელი იყო? ისინი არ იყვნენ აგრესიულები, სამჯერ მძევალი შეცვალეს. თავიდან მგონი, საერთოდ მძევალი არ ჰყოლიათ“-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე უარესი იყო.
კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ იჩქარა.
„მოლაპარაკებები ტერორისტებთან ზოგჯერ კვირაობით და თვეობით გრძელდება, თუ რა თქმა უნდა ესენი ნამდვილად ტერორისტები იყვნენ“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, შსს-ს მაღალჩინოსნების კომენტარებიდან არ ჩანს, რომ ცეცხლი პირველად ტერორისტებმა გახსნეს.
ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სოფელ კაკაბეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გახსნას დაესწრო.

















