საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკო-ს თავმჯდომარისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს 18.00 საათზე იწურება.
გუშინ სიები და მაჟორიტარობის კანდიდატთა დოკუმენტაცია 9 სუბიექტმა წარადგინა.
ცესკო დღესვე გამოაქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, აგრეთვე, იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიებს, რომელთაც რეგისტრაცია გაუუქმდათ.
ამასთანავე, საარჩევნო კოდექსის თანახმად, დღეს ცესკო საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, საზღვარგარეთ შექმნის საარჩევნო უბნებს და ამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, ცესკო დაადგენს ავღანეთში განლაგებული საქართველოს სამშვიდობო ბატალიონებში მყოფი სამხედროების სპეციალურ სიებს.

















