პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემოთავაზებები, მათ შორის პარტიულ სიაზე, „მორალური ხასიათის ხარვეზებს“ შეიცავდა.
„ეს შემოთავაზებები შეიცავდა მორალური ხასიათის ხარვეზებს, დღემდე ვცდილობთ ჩვენს შორის მიღწეული შეთანხმება იყოს გამართლებული მორალურადაც და პრაგმატულადაც“ - აღნიშნა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადების კომენტირებისას.
ამასთანავე, ბაღათურია აცხადებს, რომ „ქართული დასი“ არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები კოალიციასთან შეწყვეტილია, როგორც ეს ივანიშვილმა დღეს განაცხადა.
ბაღათურია ასევე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ მასთან მიმართებაში გამოყენებული სიტყვა „ცდუნება“, არ შეეფერება კორექტულ ურთიერთობას.
„პოლიტიკური გაერთიანებები „ქართული დასი“ და „განახლებული საქართველოსთვის“ მზად ვართ დღესვე შევხვდეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მივაღწიოთ მასთან ერთად შეთანხმებას ერთიანობაზე, რათა ერთობლივად და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ კორუმპირებული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ“ - აცხადებს ბარათურია და ხაზს უსვამს, რომ ეს შეხვედრა შუამავლების გარეშე უნდა იყოს, რადგან, მისი აზრით, შუამავლების მეშვეობით წარმოებული მოლაპარაკების ყველა დეტალი ივანიშვილამდე სწორად არ იყო მიტანილი.
როგორც ივანიშვილმა დღეს პარტიული სიის წარდგენისას განაცხადა, სიაში რიგითობა ძირითადად, ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელებით განისაზღვრა და ასეთივე რიგითობა შესთავაზეს ჯონდი ბაღათურიასაც, თუმცა, ის ბოლო მომენტში რაღაცამ აცდუნა და მოლაპარაკება შეწყვიტა.

















