თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატმა“ წევრმა, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ რაფავას უნდობლობა გამოუცხადა და უმრავლესობის წევრები უმოქმედობაში დაადანაშაულა.
როგორც გაბუნიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 2 კვირის განმავლობაში კრწანისის თითქმის ყველა ქუჩა შემოიარა და როგორც საპარლამენტო, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აბსოლუტური უმაქნისობა აღმოაჩინა.
მისი თქმით, მოსახლეობა ვერ ხვდება საერთოდ რატომ სხედან დეპუტატები საკრებულოსა და პარლამენტში.
გაბუნიას განცხადებით, კრწანისის მოსახლეობას საცხოვრებელი და გარემო პირობების უმძიმესი მდგომარეობა აქვთ.
„ადამიანები კი, რომელთაც ამ პრობლემების მოგვარების ვალდებულება აქვთ აღებული, საერთოდ არ ჩნდებიან. 2004 წელს ხელისუფლებამ კრწანისის რაიონის სახლები მე-3 კატეგორიის სახლებად აღიარა“ - განაცხადა გაბუნიამ.
მერაბ რაფავას თქმით კი, ძალიან კარგია, რომ გაბუნიამ ბოლოს და ბოლოს ნახა, რა პრობლემები არსებობს კრწანისში, თუმცა, აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა მას 7 წლის წინანდელი პრობლემებიც სცოდნოდა.
„რა თქმა უნდა არსებობს პრობლემები, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემებს ვაგვარებთ. ვისაც „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ არ უნახავს მასთან ნებისმიერ პოზიციებზე საუბარი შეუძლებელია“ - აღნიშნა რაფავამ.
მისივე თქმით, 2 კვირა კრწანისის პრობლემების გასაცნობად საკმარისი არაა, რადგან როგორც პრობლემების ასევე, მოგვარებული საკითხების დასანახად უფრო მეტი დროა საჭირო.
საკრებულოს სხდომაზე გაბუნიას სიტყვით გამოსავლას ხმაური მოჰყვა. ზაზა გაბუნიას საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა კოლეგების მიმართ შეურაცმხყოფელი სიტყვებისგან თავის შეკავება ურჩია.

















