ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთში ყოფნისას პოლონეთის სეიმის წევრს, მარგოვჟატა
გოშიეცკას შეხვდა.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრმა გოშიეცკასთან ერთად ბრიფინგი გამართა.
მერაბიშვილი თვლის, რომ მისი ვალია სასწრაფოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები გათავისუფლდნენ და ის ადამიანები დაიცვას, რომელთა მიმართაც აღძრულია საქმეები.
„სამწუხაროდ მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გახდა მსხვერპლი პოლიტიკური დევნის. თითქმის ყველა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ არის აღძრული საქმე და სხვადასხვა ტიპის დევნა მიმდინარეობდა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება საქართველოში ჩამოსვლის და პოლიტიკაში ჩართვის. თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა უკვე მესამედ იქნა დაპატიმრებული, სადღაც 20 დღის წინ. ამ დროისთვის მიმდინარეობს თითქმის ყოველ დღე სასამართლო პროცესების სხვადასხვა პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება ამას იზიარებენ ჩვენი კოლეგები ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მე ვთვლი, რომ ჩემი ვალია სასწრაფოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და ის ადამიანები დავიცვათ, რომლების მიმართაც აღძრულია გარკვეული საქმეები. დღეს საქართველოში მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია, რაც ძალიან კარგია. ჯერ ვერ ჩავერთე ამ პროცესებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა რამოდენიმე კვირაში აუცილებლად ჩავერთვები და შევიტან ჩემს წვლილს ოპოზიციასთან ერთად“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

















