ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ ორსანტიას მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს „ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, დასაქმებისა და განათლების პროგრამები გააცნო.
ალასანიას თქმით, სოფელს ყველაზე მეტად მივიწყებული სოფლის მეურნეობა, ტოტალური უმუშევრობა და გაზრდილი ფასები აწუხებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბლოკის სტრატეგიას, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ითვალისწინებს.
„აგრეთვე ვისაუბრეთ რეგიონული მასშტაბის ჰოსპიტალზე, რომელიც ზუგდიდში აშენდება და უფასოდ მოემსახურება, როგორც ადგილობრივ ისე აფხაზ მოსახლეობას“ - განაცხადა ალასანიამ.
დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ბიზნესის განვითარების მხრივ გეგმებიც გააცნო და განაცხადა, რომ დაგეგმილია საზოგადოებრივი ფონდის შექმნა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

















