საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეცხრე ნომრის დავით საგანელიძის შეფასებით, სიის შედგენის პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა.
საგანელიძის თქმით, ის უკვე მეოთხედ იყრის კენჭს პარტიული სიით, წინა წლებისგან განსხვავებით კი, წელს სიის შედგენა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე მოხდა.
„ყველაზე რთული პროცესი სიების ჩამოყალიბებაა. ყველას აქვს სურვილი და გარკვეული ამბიციაც, რომ ამ ბრძოლაში წინ იყოს. ძალიან რთულია ყველას ამბიცია დაკმაყოფილდეს, თუმცა, ამ პროცესს ასე უმტკივნეულოდ ჩაევლოს, მე იშვიათად მინახავს“ - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა, პროცესმა საბოლოო ჯამში მშვიდად ჩაიარა.
საგანელიძის შეფასებით, სია სწორად არის შედგენილი. მისივე თქმით, შესაძლოა, იგი იდეალური არ იყოს, თუმცა, რეალისტურია.
სიის მე-14 ნომერი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ დიპლომატიაში გატარებული 16 წელი მას პარლამენტში მუშაობისას გამოადგება.
„ეს არის სიახლე ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, 16 წელი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში გავატარე, ვფიქრობ, კარგი გამოცდილებაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვიმუშაო“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძე ჰოლანდიასა და გერმანიაში ელჩად მუშაობდა.

















