პარტია „ახალი მემარჯვენების“ ლიდერი დავით გამყრელიძე „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გამყრელიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი ან იმაზეა გათვლილი, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის განწყობა შემზადდეს ან არჩევნების შემდეგ ქუჩის პროცესებზე მოხდეს აქცენტის გადატანა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოალიციის ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით მას სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა.
„დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებაში არის მზაობა და აქტიურობა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მსხვილი პოლიტიკური ძალებისგან არ უნდა გაკეთდეს და ხალხში ნიჰილიზმი არ უნდა დაითესოს“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაში ბევრი აბსურდული მოთხოვნაა. მთავარი ბერკეტი კი იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, სწორედ ხალხის აქტივობაა.
გამყრელიძის თქმით, თუ 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხის აქტივობა მაღალი იქნება, ამ შემთხვევაში, ვერც ერთი სტრუქტურა არჩევნებს ვერ გააყალბებს.

















