„ლეიბორისტული პარტია“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს ახალქალაქის რაიონში დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეცვლისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, ახალქალაქის რაიონში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სეპარატისტულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ხოლო აღნიშნული ორი პოლიტიკური ძალა მათი დახმარებით მესხეთ-ჯავახეთის გაყიდვას გეგმავს.
„მმართველმა ხროვამ ახალქალაქის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა ამ რეგიონის საქართველოდან მოწყვეტის იდეოლოგი სამველ პეტროსიანი, ხოლო კრიმინალ-ოლიგარქის „ოცნებამ“ იქვე დაასახელა სეპარატისტულ ორგანიზაცია „ჯავახკის“ ლიდერი ნორიკ კარაპეტიანი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ბედნიერების ახალ ეტაპს სააკაშვილი-ივანიშვილი ამრიგად მესხეთ-ჯავახეთის გაყიდვით აპირებენ“- განაცხადა ძაგანიამ.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ მოუწოდებს ორივე ლიდერს კანდიდატები შეცვალონ.

















