საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში, კანონის დამრღვევ საჯარო მოხელეებს არაფერი ეპატიებათ.
ამის შესახებ ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისე აღარ იქნება, როგორც დღეს - „ყველა ყველაფერს რომ კადრულობს“.
„პოლიტიკურად ყველას გადავუსვამთ თავზე ხელს და არავის დევნა არ იქნება, მაგრამ კანონი ამოქმედდება, რომლის დარღვევა არავის ეპატიება. საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თანამდებობის შენარჩუნების საშუალება ექნებათ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საჯარო მოხელეები სამსახურსაც ვერ შეინარჩუნებენ.
ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სწორ პოლიტიკას და სწორ ეკონომიკას ააგებს, რომლის საფუძველზეც ყველას გაუჩნდება თანამდებობის შენარჩუნების საშუალება.
„არც ერთ შემთხვევაში, პროფესიონალებს არ შევეხებით და აბსოლუტური უმრავლესობა სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს. მოეკითხება მხოლოდ მას, ვინც კანონდარღვევას ახორციელებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ კანონს ნუ არღვევენ, რადგან ეს კაცი მათ ვერ დაიცავს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში სამართლიან სასამართლოს შექმნის, რათა მოქალაქეებმა ისწავლონ, რომ კანონის დარღვევა არავის ეპატიება.

















