საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესში მოღვაწეობისას მისი ბიზნესი არასოდეს გამოირჩეოდა ლობიზმით.
„ბიზნესში ლობიზმი და კორუფცია ძალიან ახლოსაა. ჩემი ბიზნესი არასოდეს გამოირჩეოდა ლობიზმით“ - განაცხადა ივანიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე რუსეთის სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ ინვესტიციებზე საუბრისას.
მისი თქმით, ის ყოველთის ცდილობდა რუსი პარლამენტარები და ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც, ივანიშვილის თქმით, ხშირად სტუმრობდა მას სადილზე, დაერწმუნებინა თუ რა სახის ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო.
„რუსეთშიც ისეთ ბიზნესს ვაკეთებდი, ნებისმიერი პატრიოტი რომ იამაყებდა. სოფლის მეურნეობაში არავის ისეთი ინვესტიცია არ ჩაუდია, როგორიც მე განვახორციელე. სამწუხაროდ, ვერც იქაურმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა ეს ისევე, როგორც სააკაშვილი ვერ აცნობიერებს ჩვენთან“ - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოში ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს კერძო ბიზნესში ჩარევას.
„ამასთანავე, ჩვენი პირადი კაპიტალი და სახელი ძალიან კარგად იმუშავებს. ბევრი ქართველი, ვისაც დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ დაარსოს მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში, მე ძალიან კარგად მიცნობს“ - განაცხადა ბლოკის ლიდერმა და აღნიშნა, რომ საქართველოში პრიორიტეტი უნდა იყოს მცირე და საშუალო საწარმოების დაარსება.
ამასთანავე, მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებამდე საზოგადოებაში აღარ იყოს ეჭვები რუსეთთან მისი რაიმე სახის კავშირებისა და დამოკიდებულების შესახებ.

















