ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი აცხადებს,
რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მიმართვაში გაწერილ მოთხოვნებზე „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდისგან ოფიციალურ პასუხს მიიღებს.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა.
„პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ამ ადამიანს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს სახელმწიფოს, ბიზნესსა და პოლიტიკურ წრეებს შორის განსხვავებაზე“ - განაცხადა დარჩიაშვილმა და ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
მისი თქმით, ივანიშვილს უწყებათაშორისი ჯგუფის წევრობა უნდა, თუმცა, ის არც ერთ უწყებას არ წარმოადგენს.
„ის არის საარჩევნო პროცესის პოლიტიკური სუბიექტი და არა სამინისტრო ან ადმინისტრაცია. ამას წინათ წამოსცდა, ალასანიამ ხელისუფლებაში მომიყვანაო, მაგრამ ის ჯერ არ არის ხელისუფლებაში, მხოლოდ არჩევნების მონაწილეა“ - განაცხადა დარჩიაშვილმა და ივანიშვილს მოუწოდა სახელმწიფოს მოწყობის საფუძვლებს გაეცნოს.
რაც შეეხება კოალიციის ლიდერის მოთხოვნას ინფორმირებული არჩევნების უზრუნველყოფის თაობაზე, უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ამ მიზნით პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საკაბელო კომპანიებს თავიანთ პაკეტში ყველა ქართული არხის ჩართვა დაევალა.
„შესაბამისად, ეს პრობლემა მოხსნილია და სულ არ არის საჭირო, ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ფირმები მოსახლეობას თეფშებსა და დანა-ჩანგლებს ურიგებდნენ. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა“-განაცხადა მან და აღნიშნა რომ „ჯარიმების გადახდა არ მინდა“-ს ტიპის განცხადებები ივანიშვილს 90-იანი წლების რუსეთში უნდა გაეკეთებინა, სადაც სახელმწიფო არ არსებობდა.
ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო წერილით დღეს საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ მზადაა არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას ხელი დღესვე მოაწეროს იმ პირობით, თუ ხელისუფლება მის 6 მოთხოვნას დააკმაყოფილებს. კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში, საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

















