საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე სპეცოპერაციის დროს
დივერსანტებს თავი ამ სიტუაციაში არ უნდა ჩაეგდოთ.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ყვარელში თავდაცვისა და შს მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მას არავის სიკვდილი არ უხარია, მათ შორის, არც მათი, ვინც ქართველების საუკეთესო მებრძოლები დახოცა.
„ისინი იმსახურებდნენ ალბათ ამას, მაგრამ არ მიხარია. რუსებს არ ვგავართ, ამიტომ, მათ დაღუპულებს შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ. ჩვენი გარდაცვლილები ჩვენი ტრადიციების თანახმად, ხოლო დაჯგუფების წევრები კი, მუსულმანური ტრადიციების დაცვით უნდა დავკრძალოთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ გარდაცვლილთა ახლობლებს საქართველოში ჩამოსვლა უნდათ, მათ საფლავების ადგილი უნდა მივუთითოთ.
პრეზიდენტის შეფასებით, ყველა უნდა გაფრთხილდეს, საქართველოში წინ და უკან სიარული, მითუმეტეს ყუმბარმტყორცნებით, დაუშვებელია.
„ჩვენს პოლიციაზე ხელის აღმართვა ისჯება ისე, როგორც ისინი გუშინ და გუშინწინ დაისაჯნენ. ძალიან რთულია იმ ვიწრო, დაკლაკნილ ხეობაში ასეთი კარგად გაწვრთნილი მებრძოლების დამარცხება. იმათ თავი ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩაეყენებინათ, როგორშიც აღმოჩნდნენ. მათ ყველა ღირსების დაცვით ჩაბარება ალალად შევთავაზეთ, მაგრამ ეს გზა აირჩიეს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, ქართველმა სპეცრაზმელებმა ძალიან კარგად იმოქმედეს და აღნიშნული სპეცოპერაცია ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იქნება.
შსს-ს ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა უკვე დასრულებულია. შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრის გვამი უკვე ნაპოვნია. შეტაკებების დროს დაიღუპა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი.

















