უკრაინელი ბიზნესმენები იმედოვნებენ, რომ ორმხრივი შეხვედრები ქართველ კოლეგებთან წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი იქნება.
"ნიუსპრესთან" საუბრისას უკრაინული სატელეკომინუკაციო კომპანიის "ტენეტის" წარმომადგენელმა ოლეგ ელისეევმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ფორუმი და შეხვედრები ქართველ ბიზნესმენებთან, მათთვის ძალიან სიანტერესო და მნიშვნელოვანია.
"ფორუმი ყოვლისმომცველი იყო, ჩვენ გავეცანით იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის განვითარების კუთხით განხორციელდა. ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრები დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ და ვეძიოთ ახალი პარტნიორები", – განაცხადა ელისეევმა.
თავის მხრივ, ქართველი ბიზნესმენები უკრაინელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებზე კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან.
"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ შევხვდეთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ინვესტიციებს დეველოპერულ სექტორებში ახორციელებენ. იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრები მომავალი თანამშრომლობის გარანტი იქნება ", – განუცხადა "ნიუსპრესს" კომპანია "დექსუსის" დირექტორმა გიორგი ქანანაშვილმა.
სამშენებლო კომპანია "კონფიდენს გრუპის" დირექტორი ლევან გვენეტაძე უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრით კმაყოფილია და მომავალში თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს.
"შევხვდი უკრაინული კომპანია "ბუდოვას" წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალებს აწარმოებენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ", – განაცხადა ლევან გვენეტაძემ.
ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის ორმხრივი შეხვედრები დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", უკრაინული დელეგაციის თბილისში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

















