კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობას საგანგებო წერილით მიმართავს და აცხადებს,
რომ დღევანდელ პირობებში ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი იმ ღონისძიებების შესახებ საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ გაატარა.
„ყოველივე ამან ისეთი საარჩევნო გარემო შექმნა ქვეყანაში და იმდენად შეაფერხა კოალიციის საარჩევნო კამპანია, რომ უკვე შეუძლებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი. გამომდინარე ზემოთ თქმულიდან და ჩემი პასუხისმგებლობიდან ქართველი ხალხის წინაშე, ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ თუ დღეიდან არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ - აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, კოალიციის მიზანი გაყალბებულ არჩევნებთან ბრძოლა კი არა, არჩევნებში გამარჯვებაა.

















