საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ყვარელში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მას, ვინც დივერსანტთა ჯგუფის ორგანიზება მოახდინა, რამდენიმე ამოცანა ჰქონდა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ამოცანა ქართველი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა იყო.
„2008 წლის შემდეგ ქართველი ჯარისკაცები ამ მასშტაბის საბრძოლო ვითარებაში არ ყოფილან. მინდა ვთქვა, რომ პროგრესი აშკარად აქვთ და ეს ძალიან მიხარია. მათი მეორე ამოცანა პროვოკაციის მოწყობა იყო, რომელიც ვფიქრობ, რომ არ გამოუვიდათ“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ დივერსანტთა შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო.
პრეზიდენტის შეფასებით, ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია ურთულესი იყო, რადგან ხეობას ბევრი ჩასასვლელი და ამოსასვლელი აქვს.
„სპეცოპერაციის დროს გამოვიყენეთ ავიაცია და უპილოტოები. კარგია, რომ ტექნიკური საშუალებები გვაქვს. ამ ხარისხის ოპერაციის ჩატარება ასეთ რთულ რელიეფში და ასეთ რთულ ვითარებაში, ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ გარდაცვლილი სამი სპეცრაზმელი საქართველოსთვის დიდი დანაკარგია.
მისივე თქმით, გარდაცვლილები ძალიან კარგი მებრძოლები იყვნენ.
პრეზიდენტმა შეხვედრისას სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს სოფელ ლაფანყურშიც იმყოფებოდა.

















