„ქართული ოცნება“ მზადაა არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას ხელი მოაწეროს იმ შემთხვევაში, თუ მისი რამდენიმე მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ამის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ მზადაა დღესვე მოაწეროს ხელი არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ დღეიდან არჩევნებამდე საარჩევნო გარემო პრინციპულად შეიცვლება და შემდეგი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
კაოლიცია მოითხოვს:
1 - დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;
2 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;
3 - შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;
4 - დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;
5 - უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;
6 - სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომელსაც ხელისუფლება ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს, საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიციაა.
„მაგალითად, უკანასკნელ ხანს ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ ზოგიერთ საკითხში უკან დაიხია - მოხსნა ინკასო პარტიების ანგარიშებიდან, კოალიციის ცენტრალური ოფისიდან გაიყვანა უკანონოდ შემოჭრილი პირები, გადაავადა ზოგიერთი ჯარიმის აღსრულება“-აღნიშნულია საგანგებო განცხადებაში.
ამავე დროს, „ ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მისი არცერთი მოთხოვნის შესრულება კონსტიტუციის შეცვლას არ საჭიროებს.

















