ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩის ანჟეი ტიშკევიჩის განცხადებაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრები სპეცოპერაციის დროს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების დაღუპვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, დელეგაციის წევრებისა და პირადად ჩემი სახელით დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს ვუცხადებთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ევროკავშირის მისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ სპეცოპერაციის შესახებ მისიის წარმომადგენლებს უკვე აცნობა.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სხვა წარმომადგენლობებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან სპეცოპერაცია 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საზღვარზე შეიარაღებული დაჯგუფება გადმოვიდა, რომელმაც ადგილობრივი მაცხოვრებლები მძევლად აიყვანა. მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო. ლიკვიდირებულია დაჯგუფების 11 წევრი. შეტაკებების დროს დაიღუპა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი.

















