„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 1 სექტემბრის ნაცვლად, 8 სექტემბერს გაიმართება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლაფანყურში და ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაღუპული შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათი დაღუპვის გამო. სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და ვლადიმერ ხვედელიძე ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას შეეწირნენ. ჩვენი ყველას ვალია, რომ დაღუპულების ხსოვნას პატივი მივაგოთ“-განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ 1 სექტემბერს დაგეგმილი ყრილობა, რომელიც საქართველოს 11 ქალაქში უნდა გამართულიყო, ერთი კვირით, 8 სექტემბრამდე გადაიდო.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ოპერაციის დროს დაიღუპნენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.

















