ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ხელისუფლებამ ქვეყნის საზღვრებისა და მოქალაქეების დაცვა უზრუნველყო. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს კახეთში გააკეთა.
„საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც სტაბილურობას და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქართველო არასდროს დაუბრუნდება იმ დროს, როდესაც ვერ ახერხებდა თავისი მთავარი პრინციპების, მოქალაქეების, საზოგადოების უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას“-განაცახდა მან.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების პროცესს აგრძელებს, ამისთვის კი, უსაფრთხოება აუცილებელი პირობაა.
მერაბიშვილმა სპეცოპერაციაში მონაწილე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მათზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი იქნება.
მერაბიშვილის თქმით, სპეცოპერაციის დროს დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის ძირითადი ნაწილი დასრულდა.
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შესახებ განცხადება დღეს შს მნისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრის გვამი უკვე ნაპოვნია. რამდენიმე დაჭრილი კი, სავარუდოდ, ტყეშია და მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. დაღუპულთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეა ჩრდილოეთ კავკასიიდან.
სპეცოპერაციას შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის უწყების სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე ემსხვერპლა.

















