პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
გამყრელიძის განცხადებით, დიდუბის რაიონში კენჭს „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის წევრი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ლორთქიფანიძე იყრის, გლდანში წარდგენილია გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ სულაქველიძე, ნაძალადევში „მემარჯვენეების“ კანდიდატი გიორგი ჩიბუხაშვილი იქნება, ჩუღურეთში გიორგი საბანაძე, კრწანისში პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ხურცილავა, ისანში პარტიის აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე, საბურთალოს რაიონში „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე იქნება. რაც შეეხება ვაკეს, რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე იბრძოლებს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაკის მანდატი მან 2008 წლის არჩევნებშიც მოიპოვა, თუმცა, არჩევნების გაყალბების გამო, პროტესტის ნიშნად, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
„მაჟორიტარების წარდგენისას ჩვენ აქცენტს იმ ადამიანებზე ვაკეთებთ, რომლებმაც წლების განმავლობაში პრინციპებისა და გუნდის მიმართ ერთგულება დაამტკიცეს. მათ შეუძლიათ ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთონ საკუთარი რაიონისა და თანამოქალაქებისთვის საჭირო საქმე“-განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება მთაწმინდისა და სამგორის რაიონებს, „ახალ მემარჯვენეებს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ წარუდგენიათ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ისინი ამისთვის მზად არ არიან და აღნიშნულ რაიონებში კანდიდატები არ ეყოლებთ. თუმცა, მხარს არც ერთი პარტიის წარმომადგენელს არ დაუჭერენ.

















