პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენელი გერმანიასა და ესპანეთში არჩილ ჯორჯაძე პოლიტიკურ პარტიებს კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა სამხარაულის სასარგებლოდ კანდიდატურების მოხსნისკენ მოუწოდებს.
როგორც არჩილ ჯორჯაძის განცხადებაშია ნათქვამი, ის „სამოქალაქო ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერის გოგიტა დალაქიშვილის მოწოდებას უერთდება, რომელიც თელავის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურების მოხსნას გულისხმობს.
„გთხოვთ, თქვენი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები თელავის მუნიციპალიტეტში მოხსნათ და ერთიანი ძალებით გვერდით დაუდგეთ "ქართული ოცნების" კანდიდატს გელა სამხარაულს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჯორჯაძის განცხადებით, ახლა ქვეყანაში ის პოლიტიკური სიტუაცია არაა, პარტიებმა პირად ამბიციებზე იფიქრონ.
„საქართველოს გზამ“ ეს ამბიცია გვერდით გადადო არამარტო თელავში, არამედ, მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცით, რომ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჯორჯაძე იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არსებულ რეალობას გაათვითცნობიერებენ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

















