სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებულ პირებს, 18 წლის ასაკიდან რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეუძლიათ.
პარლამენტმა დღეს, "სამხედრო სარეზერვო სამსახურის" შესახებ კანონში ცვლილება მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან: ქალები; სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით, საზღვაო ფლოტის შემადგენლობა; პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად; შსს და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები; თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები; მოსამართლეები; პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური; საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფები; დიპლომატიური თანამდებობის პირები; სასულიერო პირები; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნობილი პირები და პარლამენტის წევრები. აგრეთვე პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.
პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული ინიციატივით კი დაზუსტდა, რომ ნებაყოფლობით სავალდებულო სამსახურში წასვლა ყველას შეეძლება 18 წლის ასაკიდან.
კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირები სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღებიან.

















