საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენები საქართველოში მსგავსი ქმედების განხორციელების ნებისმიერი მსურველისთვის ძალიან კარგი გაკვეთილია.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში განაცხადა, მისთვის ძალიან რთულია საუბარი იმ მსხვერპლზე, რომელიც აღნიშნულ მოვლენებს მოჰყვა, დაიღუპა სამი ქართველი სპეცრაზმელი.
„ისინი შეეწირნენ იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და რომ საქართველო ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ აიღოს. ყველანი - მთავრობის წევრები და ბიჭები, რომლებიც ქვეყანას იცავენ, საქართველოს ჯარისკაცები ვართ, მშვიდობის შემდგომ დაცვასაც და საქართველოს განვითარების შეუფერხებელ გაგრძელებასაც შევძლებთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივ ხალხს და საერთოდ, ქართულ საზოგადოებას არაფერი ემუქრება და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
„ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ ასეთი რამ საქართველოში მომავალში არასდროს არავინ სცადოს. ვფიქრობ, ეს ჩვენს ქვეყანაში რაიმე მსგავსის განხორციელების ნებისმიერი მსურველისთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია ლაფანყურთან ახლოს ტყეში ამ დრომდე გრძელდება.
სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრია ლიკვიდირებული. დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა.

















