„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შედეგად შსს-ს თანამშრომლების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, გიორგი თარგამაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ თანამებრძოლებს მიუსამძიმრა.
თარგამაძის განცხადებით, სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს „ქრისტიან-დემოკრატები“ მას შემდეგ შეაფასებენ, როდესაც ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია გახდება ცნობილი.
„მიუხედავად იმ პოლიტიკური ბატალიებისა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ვაჟკაცებისთვის პატივის მიგება, ვინც ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავი გაწირა. მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და პატრიოტიზმი საქართველოს მხრიდან დაფასებას იმსახურებს“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრთან, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის დარჩენილი 6 წევრის დევნა ამ დრომდე გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი ძალები შეჰყავთ.
ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
სპეცრაზმის დაჭრილი 5 წევრი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
დივერსანტთა ჯგუფის დევნის სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში წუხელ დაიწყო.

















