საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენულ სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის პრინცსა და დიდ მაგისტრს - მის უმაღლესობა ფრა’ ჯაკომო დალა ტორე დელ ტემპიო დი სანგუინეტოს.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ელჩისა და ფრა’ დალა ტორეს შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ორდენსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ელჩმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცვ ანექსიაზე გაამახვილა. ელჩმა მადლობა დიდ მაგისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს დიდმა მაგისტრმა წარმატებები ელჩს მომავალ საქმიანობაში უსურვა.
საქართველოს ელჩმა ფრა’ დალა ტორეს საჩუქრად წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი და წიგნი „შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება“ გადასცა.

















