საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატით სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღებაზე საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხს ბლოკის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თერჯოლიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტენ და კომენტარს, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პოზიციის დასაფიქსირებლად კოალიციას ვადა 4 სექტემბრამდე აქვს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ტელედებატები დღეს შესთავაზა.
ტელედებატებში მონაწილეობის უფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს.
სულ, ორი ტელედებატი გაიმართება. პირველი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დაგეგმილია 9 სექტემბერს, ხოლო მეორე დებატი - საარჩევნო სიის პირველ ნომრებს შორის 18 სექტემბერს შედგება.
თანხმობის შემთხვევაში, ოთხივე პოლიტიკური პარტიის კანდიდატი დებატებში მონაწილეობას ერთად მიიღებს.

















