საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე განვითარებული მოვლენების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს
გეოპოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე.„უფრო უარესი ვარიანტია, თუ ეს დივერსიული ჯგუფია, რომლის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან და რომლის მიზანია დესტაბილიზაციის ლოკალური კერების შექმნა“ - განაცხადა ფხალაძემ.
მისი აზრით, თუ ეს ბოევიკთა თვითნებურად მოქმედი ჯგუფია, პრობლემა ლოკალურია, ხოლო თუ აღნიშნული ქმედების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, ფხალაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები განმეორდეს.
ამასთანავე, ფხალაძემ აბსოლუტურად გამორიცხა ქართული მხარის მიერ წინასაარჩევნოდ ვითარების ხელოვნურად დაძაბვა.
„როდესაც მსგავსი მოსაზრებები ჟღერდება, მათ როგორც მინიმუმ ძალიან სერიოზული არგუმენტაცია სჭირდება, რადგან საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პიროვნების რეიტინგზე, არამედ საკითხი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“ - განაცხადა ფხალაძემ.
რაც შეეხება დაღესტანში რუსი სამხედროებისა და ტექნიკის კონცენტრაციას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს როგორც სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2012“, რომელიც სექტემბერში უნდა დაიწყოს, ასევე დაღესტნის ტერიტორიაზე ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების სერიას.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.
გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა.
მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

















