„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მედიაგარემო კვლავ არადამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ „ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიუხედავად მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით სიტუაციის გარკვეული გაუმჯობესებისა, მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
„მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით must carry/must offer-ის პრინციპების ამოქმედება წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის საფუძველზეც საკაბელო ოპერატორებმა საერთო მაუწყებლები თავის შეთავაზების პაკეტში ჩართეს, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ეს რეგულაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ ინტერესს, რამდენადაც საკაბელო ტელევიზიების მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ქალაქების მცხოვრებთა ნაწილმა“ - აღნიშნავს „ეროვნული პლატფორმა“ განცხადებაში.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ რეგიონების მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომის ერთადერთ საშუალებად კვლავ სატელიტური ანტენები რჩება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების გამო და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება მიუღებელია, რამდენადაც ის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს.
„ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მიერ აღიარებული must carry/must offer-ის პრინციპებთან და დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც საკაბელო მაუწყებლობაზე წვდომა არ აქვთ“ - აცხადებს ორგანიზაცია და ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხების მიმართ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

















