საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ხელი მოაწერეს "იაპონიის მთავრობასა
და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმებას".
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს იაპონური მხარის მიერ საქართველოში ე.წ. მოხალისეების მივლინებას სხვადასხვა სფეროში დახმარების გასაწევად და საქართველოში ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად.
"ვიმედოვნებ, რომ ეს პროგრამა გააძლიერებს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, არამედ გააღრმავებს ხალხთა შორის კავშირებსაც. იაპონური კომპანიები აცნობიერებენ იმას, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მათი ბიზნესის განსავითარებლად და ინვესტიციების განსახორციელებლად" - აღნიშნა საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.
იაპონური მხარის მიერ ინიცირებულ შეთანხმების პროექტს განახორციელებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (ჟIჩA). პროექტის ფარგლებში, იაპონური მხარე საქართველოში მივლინებით გამოგზავნის ჟIჩA-ს მოხალისეებს, რომლებსაც შეეძლებათ დახმარება აღმოუჩინონ ქართულ მხარეს განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში.
"ვფიქრობ, რომ მათი ყოფნა საქართველოში, მათი გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის მნიშვნელოვნად წაადგება იმ ძირითადი მიმართულებების განვითარებას რაც აქტუალური არის ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ წლევანდელი წელი იქნება კარგი საფუძველი, იმისთვის, რომ ის დასახული მიზნები და ის პროექტები, რომლებზეც უკვე გვქონდა შეთანხმება, იყოს წარმატებით განხორციელებული 2020 წელს".
მოხალისეთა საქართველოში გაგზავნისას, ჟIჩA დაფარავს მგზავრობისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს. გარდა ამისა, ჟIჩA უზრუნველყოფს მოხალისეების მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო აღჭურვილობის, ტექნიკის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მასალების ხელმისაწვდომობას.
"მინდა მადლიერება გამოვხატო იმ უწყვეტი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რომელიც გაწეული იქნა საქართველოს მთავრობისა და იაპონიის საელჩოს მიერ, ამ დოკუმენტის ხელმოწერისთვის" - თქვა ჟIჩA-ს პროექტების ფორმულირების მრჩეველმა ოგურა ტორუმ და გამოხატა იმედი, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება პროგრამის ფარგლების კიდევ უფრო განვრცობა, როგორც კონკრეტული მიმართულებების მიმართებით, ასევე გეოგრაფიულადაც და თბილისიდან რეგიონებში გატანა.
1965 წელს დაფუძნებული ჟIჩA-ს მოხალისეების პროგრამის ფარგლებში დღემდე 50,000-ზე მეტი იაპონელი მოხალისე იქნა მივლინებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე ქვეყანაში. ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობს 2,000-მდე იაპონელი მოხალისე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა სადაც იაპონია მოხალისეთა პროგრამას ახორციელებს.

















