ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის მხოლოდ პაციენტებისა და თანამშრომლების შესვლაა ნებადართული.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპოდენტი იუწყება, კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა და დამატებით დაჭრილების შეყვანის მიზნით გადაადგილებები არ შეინიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის ლაფანყურის ტყეში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ერთი პაციენტი იმყოფება, თუმცა, მისი ვინაობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია. პაციენტი კლინიკაში დაახლოებით ერთი საათის წინ, სამხედრო ვერტმფრენით მიიყვანეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაშავებულების მისაღებად ემზადება გორის სამხედრო ჰოსპიტალიც.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცოტა ხნის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს შსს-ს სპეცრაზმის ერთი წევრი დაიღუპა, რაზეც ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

















