ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
ოფიციალური ვერსიის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია, რადგან ხელისუფლებისადმია ნდობა დაბალი.
ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დივერსანტთა ჯგუფის გადმოსვლას მართლაც ჰქონდა ადგილი.
„არ გამოვრიცხავ ამ ფაქტის რეალურობას და არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინცადამაინც ქართული ფანტაზიის ნაყოფი იყოს, თუმცა, ყველაფერს დაგვანახებს ის თუ ვინ რას მოიმკის და ვინ გამოვა ამ ვითარებიდან მოგებული“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორც ექსპერტი მიიჩევს, დღეს ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილმა მყისიერად აღიდგინა ძალოვან სტრუქტურებზე გავლენა, რაც მას, ცისკარიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრობისას დაკარგული ჰქონდა.
ამასთანავე, ცისკარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „დაკავებული ან ქართულ ტერიტორიაზე დაღუპული თავდამსხმელი არ აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ ლურჯ მაისურში ჩაცმული“.
„თუ ეს კვლავ პუტინის და სააკაშვილის ერთობლივი პროექტია, არც ეს დარჩება დაფარული საერთაშორისო და ქართული საზოგადოებისთვის“ - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვა აწყობს როგორც ქართულ, ისე რუსეთის ხელისუფლებას.
„ქართულს აწყობს იმიტომ, რომ შეიქმნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საშუალება და არჩევნები აღარ ჩატარდება, ხოლო რუსეთის შემთხვევაში ინტერესი ის არის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად რუსეთის ინტერესებს ემსახურება“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაციას ახორციელებს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია თელავში ყოფილი სამხედროს სანდრო როსულაშვილის მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შესახებ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, სპეცოპერაციის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი დაიღუპა.

















