საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა.
სააკაშვილის თქმით, ქუთაისის აეროპორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კონკურენციას გაუწევს. პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია თბილისში ფასებმა დაიწიოს, რათა ფრენა ყველა ფენის ადამიანს შეეძლოს.
მისივე თქმით, აღნიშნული ასაფრენი ზოლი გასულ წლებში რუსებმა ისე დაბომეს, რომ ბილიკის მშენებლობისას, მუშები ჭურვების ნამსხვრევებს პოულობდნენ.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მთავრობას დასავლეთ საქართველოს კურორტების განვითარებისთვის დიდი გეგმები აქვს, ხოლო აეროპორტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და შექმნის სამუშაო ადგილებს.
„ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ეს პროექტები გავაგრძელოთ. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, ეს თვითმფრინავი არ არის დეკორაცია, მართლა დაჯდა ამ აეროპორტში და მართლა აწერია - ქუთაისი- საპარლამენტო დედაქალაქი. არ დაიწყონ მერე ვიღაცეებმა, რომ ფოტოშოპია და მონტაჟი, ყველაფერი რასაც ხედავთ ნამდვილია, მტრის თვალის დასაყენებლად და მოყვრის თვალის გასახარად“- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა მალე თბილისშიც დაიწყება.

















