საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით
უკრაინაში გაემგზავრა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე - რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












