„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიტის სამსახურის მითითების შესაბამისად, შემომწირველებისთვის 315 ათასი ლარის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუდიტის სამსახურმა მმართველი პარტიის შემომწირველების შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ რამდენიმე შემოწირულობის განხორციელება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ კანონის წინაშე ყველა პარტია თანასწორია. აუდიტის სამსახურის მითითებისთანავე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, შემომწირველებს 315 ათასი ლარი უკან დაუბრუნოს. მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამწუხარო გამოცდილებით იხელმძღვანელებს და ეს ჩვენი შემდგომი პრაქტიკის დახვეწის საფუძველი გახდება“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია მზადყოფნას გამოთქვამს საზოგადოებასა და ამომრჩევლებს შემომწირველებისა და შემოწირულობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
„ამიტომ, დღეიდან ჩვენს ვებ-გვერდზე იმ შემოწირულობების შესახებ განთავსდება დეტალური ინფორმაცია, რომლებიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდის ანგარიშზე გადარიცხავენ თანხას“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავალი რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან შეუსაბამოა.
აუდიტის სამსახურმა მმართველ პარტიას უკანონოდ მიჩნეული თანხების შემოწირულობის განმახორციელებელი პირებისთვის დაბრუნების წინადადებით მიმართა.

















