პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და რამდენიმე დღის წინ ტრანს ანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მინდა გამოვეხმაურო უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად გახსნა. საუბარია TANAP-ის პროექტზე, რომელიც მართლაც სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნულ ენერგეტიკულ პროექტს საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.
პოლიტიკურად საქართველოსთვის ასეთ პროექტში მონაწილეობის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების კუთხით, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და მეორეს მხრივ, ევროპას ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს - სატრანზიტო წილის სახით 2023 წლისთვის საქართველო 1.1 მლრდ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს უსასყიდლოდ მიიღებს, რაც თავის მხრივ, უფრო მეტი პროექტი განხორციელების საშუალება მოგვცემს და ამ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობაც იგრძნობს. საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორია და ასეთ პროექტებში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო განვიმტკიცოთ ჩვენი როლი და მნიშვნელობა", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

















