საქართველოს „ლეიბორისტული პარტია“ მოსახლეობას და სტუდენტებს ჰპირდება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.
ჯიბლაძის თქმით, საჭიროა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები და დამატებები შევიდეს.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს - სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს; დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა; ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო და მოქალაქეებს უფლება აქვთ, კანონის დადგენილი წესით სახელმწიფოს სრული დაფინანსებით პროფესიული და უმაღლესი განათლება მიიღონ.
„საქართველოში დღეს უამრავი ადამიანია, რომელსაც მაღალი გადასახადების გამო, სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვალდებულია განათლებაზე მეტი დაფინანსება გამოყოს და სტუდენტის განათლება სრულად დააფინანსოს, მითუმეტეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ტაშ-ფანდურში უამრავ ფულს ხარჯავს“ - განაცხადა ჯიბლაძემ და დასძინა, რომ „ლეიბორიტული პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აღნიშნული პრობლემა აუცილებლად მოგვარდება და ახალგაზრდებს უფასო განათლების მიღების საშუალება ექნებათ.

















